სპაიკ ჯონზის „მისი“ 2013 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება. არც ისე შორეულ მომავალში ცოლს გაცილებული, მარტხელა თეოდორი ხელოვნური ინტელექტის მქონე მოლაპარაკე ოპერატიულ სისტემას ყიდულობს. სისტემა, სკარლეტ იოჰანსონის საოცრად სექსუალური ხმით, რომელიც საკუთარ თავს სამანტას ეძახის, მარტოსულ მფლობელს მალევე უყვარდება. ადამიანისა და კომპიუტერის ერთი შეხედვით უცნაური სიყვარული სპაიკ ჯონზის ოსტატობის წყალობით საოცრად რეალისტური და დამაჯერებელია, თავისი დასაწყისით, თაფლობისთვით, თანდათანი გაუცხოვებითა და საბოლოო ფინალით, ისე რომ მაყურებელიც ნელ-ნელა იძირება ამ უცნაურ სიყვარულში. ფილმი ერთდროულად საინტერესო სოციალური კომენტარისა და საკმაოდ სევდიანი მელოდრამის ნარევს წარმოადგენს. იგი ეხება ტექნოლოგიასა და მის გავლენას საზოგადოებაზე, თანამედროვეობაში გახუნებულ ადამიანურ ურთიერთობებს და ნოსტალგიას ძველ, უფრო მარტივ დროზე. არაჩვეულებრივი მუსიკა, სიუჟეტი, ლამაზი ოპერატურული ნამუშევარი, დაუფასებელი ხოაკინ ფენიქსი, ფერები და კადრები საოცრად სევდიან და ნოსტალგიურ ელფერს სძენს ფილმს. ერთი სიტყვით, ეს ფილმი ნამდვილად დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
Comments
Post a Comment