Stalker

”სტალკერი”- ანდრეი ტარკოვსკის გენიალური სამეცნიერო ფანტასტიკა, გადაღებული 1979 წელს. ფილმი წარმოადგენს ფანტასტიკის ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიასთან ნაზავს. ეს არის ფილმი იმაზე, თუ როგორ ეშინიათ ადამიანებს საკუთარი სურვილების ახდენის, და როგორ იქცევიან მაშინ, როცა მათი ახდენის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არის მოგზაურობა მავთულხლართებით შემოსაზღვრულ, აკრძალულ ზონაში, სადაც ანომალიური მოვლენები ხდება, სინამდვილეში კი ეს შინაგანი ოდისეაა, მოგზაურობა ფსიქიკის ყველაზე ღრმა კუნჭულებში, ხელის ფათური ყველაზე სამარცხვინო საიდუმლოებებში. ფილმი სამ ადამიანზე, რომლებიც შინაგანად სრულიად გაშიშვლებულები აღმოჩნდებიან ერთმანეთის პირისპირ, საკუთარი შიშები, საკუთარი შინაგანი ბარიერები კი მათ გადარჩენის შანსს არ უტოვებს.
პირველ რიგში, რაც სტალკერში და ზოგადად, ტარკოვსკის ფილმებში თვალში მოგხვდებათ, არის საოცარი უძრაობა, სტატიკურობა, გაშეშებულობა და უზომო სიმშვიდე. არანაირი ექშენი და სპეცეფექტები, მაგრამ ყველა ფილმი იმდენად ემოციურია, დამატებით არანაირი ეფექტი აღარ არის საჭირო, ფილმები თითქოს ისეა აწყობილი, რომ კამერა კი არ იღებს, არამედ ხატავს და ყველა ასეთ სტატიკურ კადრში უდიდესი სიმშვიდე და ჰარმონიულობა სუფევს.

Comments